„საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას“

საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას, უბრალოდ ამ გზაზე ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეგვექმნა დაბრკოლებები. არც გეოპოლიტიკური გარემო იყო ხელსაყრელი, რათა ეს პროცესი უფრო სწრაფად, უმტკივნეულოდ და უფრო ეფექტურად დაგვესრულებინა. დღეს ჩვენ გვესმის საზოგადოებაში დასმული კითხვები იმის თაობაზე, მაინც რას მოგვიტანს ევროპა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და, კონკრეტულად, რა სარგებელი გვექნება ამ ყველაფრისგან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სრულიად ცალსახაა და ეს გამოხატულია ყველა შესაძლო ფორმით და საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი დაახლოება ევროპასთან თუ ევროპის ჩამოყვანა საქართველოში არის ბუნებრივი მოთხოვნილება, ჩვენი ეროვნული ცნობიერებიდან გამომდინარე, და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, მაინც ძალიან სერიოზული შრომა გვმართებს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ და პროცესი მართლაც შეუქცევადი გახდეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები