დავით ბაქრაძე: ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას
ეს ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას – ასე ეხმაურება ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთის დუმაში ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების გეგმას.
მისი თქმით, აღნიშნული “დოკუმენტი“ კატეგორიულად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. “ეს “დოკუმენტი“ კატეგორიულად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო მოთამაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ გეგმის მხარდამხარ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, ახორციელებს უკრაინასა და საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასავლური სამყაროს ძალისხმევა გაერთიანდეს რუსეთის მიმართ, რომ შეწყდეს ეს ანექსიური პოლიტიკა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ,რომ რუსეთის დუმაში დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს დსთ-ს კომიტეტმა უკვე მიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ეს ისტორიული მომენტი იქნება და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სახელმწიფოთა შორის ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველი გახდება.
მისივე თქმით, ამ დრომდე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს უკვე 80-მდე ცალკეული შეთანხმება აქვთ მიღწეული სხვადასხვა სფეროში.