„ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობა ხელისუფლებას კოლაფსამდე მიიყვანს“
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება შეაფასა და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გამოძიება მოსთხოვა.
ბარამიძის განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობა ან გახსნის დაგვიანება არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია.
„ეს დიდი ტრაგედიაა. მკვლელობა დიდი სისასტიკითა და ცინიზმითაა ჩადენილი. შვილის სიკვდილისა და უსამართლობის გამო გულდამძიმებულ მამას რომ შვილის საფლავზე ააფეთქებ, ეს რაღაც განსაკუთრებული კაცთმოძულეობაა. მივმართავ ხელისუფლებას და ვაფრთხილებ, ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობა ან გახსნის დაგვიანება არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ხელისუფლების კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია. თქვენ უნდა გააკეთოთ, რაც გასაკეთებელია და სხვა მიმართულებით ხელს არ უნდა იშვერდეთ“,- აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.
ბარამიძის განხადებით, ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის საფარქვეშ ადამიანები, რომელთაც დამნაშავეებად მოიაზრებდნენ პროკურატურაში, სპეცსამსახურებში, შსს-ში და სხვა სტრუქტურებში, კვლავ თანამდებობზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.