„2015 წელს „ვარდების ბაღში“ საცურაო აუზი გაიხსნება“

დედაქალაქის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ პორტალ ,,კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე წლის განმავლობაში ჩუღურეთის რაიონში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
ბერაძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, 2015 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონი ლარით გაიზარდა.
„ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტი 2015 წლისთვის 13 994 260 ლარს შეადგენს, ის გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 3 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან 2 მილიონი ლარი გზების შეკეთებას მოხმარდება. კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის 1 994 000 ლარია გამოყოფილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებისთვის – 5 10 000, უფასო სასადილოებისთვის – 1 162 000 ლარი. რაიონში სულ 2700- მდე უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარია. მოხდება ზაზიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაცია, ძველი, ამორტიზებული, საცხოვრებლად უვარგისი სახლების ადგილას ახალი სახლები აშენდება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ჩუღურეთის მაჟორიტარს ახალგაზრდების დასაქმებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხითაც აქვს გეგმები. მისი თქმით, 2015 წელს „ვარდების ბაღში“ საცურაო აუზი გაიხსნება.
„ ვარდების ბაღში“ ვგეგმავთ საცურაო აუზის გახსნას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს. ფონდ „ცისფერყანწელების“ თხოვნა დაკმაყოფილდება ქართველი მწერლის კოლაუ ნადირაძის ცხოვრების ამსახველი წიგნის გამოცემისა და მისივე სახლის კედელზე მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე. ხელს შევუწყობთ რაიონის ტერიტორიაზე არსებული მუსიკალური და ხელოვნების სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები