„საპარლამენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” წევრების გადაყენება ნიშანდობლივი პროცესი იქნება“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც საპარლემენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გათავისუფლების გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.
ალასანია ჟურნალისტებთან აღნიშნული კომენტარით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ალასანიას თქმით, საპარლამენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” წევრების გადაყენება საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება.
“დააყენონ, ეს მათი ნებაა. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება – ვინ დაუჭერს მხარს, ვინ – არა და გამოჩნდება, რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. ეს ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებს, უბრალოდ საინტერესო იქნება თვითონ როგორ წარმართავენ პოლიტიკურად კომიტეტებიდან გადაყენების პროცესებს”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ეს პროცესი დამოკიდებული იქნება, თავად უმრავლესობა რამდენად არის მზად აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებს. საგანელიძე ფიქრობს, რომ უმრავლესობის საპარლამენტო კვოტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, დეპუტატებს, რომელთაც საკითხი ეხებათ, პირადად ძალიან დიდ პატივს სცემს. თუმცა საგანელიძის თქმით, “ამ შემთხვევაში საუბარია არა პირად სიმპატია-ანტიპატიაზე, არამედ პარლამენტის რეგლამენტზე, წესზე და კვოტებზე, რომელიც ეკუთვნის უმრავლესობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები