„თეატრმცოდნეობა დღეს, ამ ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე განწირული პროფესიაა სიკვდილისთვის, მაინც არ ვნანობ…“
„რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ თანამედროვე ქართულ თეატრში არსებული შემოქმედებითი კრიზისი, პროცესი მაინც იგრძნობა, რომ თეატრი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის დარეფრეშებას, ახალი ფორმების და თემების მაყურებლის სამსჯავროზე განსხვავებულად გამოტანას. თეატრალური პროცესი კი ისევე ჭრელია, როგორც ჩვენი საზოგადოება. ამ სიჭრელეში მაინც შეიძლება ჯანსაღი ნაწილის შემჩნევა, რომელზედაც თითოეული ჩვენგანი ფსონს ვდებთ. ზოგჯერ გვიმართლებს, ზოგჯერ არა“, – თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.
– რატომ აირჩიე თეატრმცოდნის პროფესია?
– გამოვსულიყავი თეატრმცოდნე,- ამაზე არ მიფიქრია. თეატრისთვის რომ უნდა დამეკავშირებინა ჩემი მომავალი, ეს ვიცოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე მისაღები გამოცდები. მერე უნივერსიტეტში მეტყველების პედაგოგმა თამილა მეიშვილმა „აღმომაჩინა“ და მირჩია სწავლა ხელოვნების ინსტიტუტში, სამსახიობი ფაკულტეტზე გამეგრძელებინა . არ მიმიღეს. გივი სარჩიმელიძემ მითხრა, შენგან არტისტი არ დადგებაო და მადლობა ამისთვის. გადამარჩინა, რომ მსახიობი არ გავხდი. გიზო ჟორდანიამ შემამჩნია და ვასილ კიკნაძის ჯგუფში თეატრმცოდნეობაზე ჩაბარება მირჩია. არ წამიგია. საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ და მათი ხათრით და თეატრის სიყვარულით ვრჩები ამ პროფესიაში დღემდე იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება.
– როგორია თეატრის შიდა სამზარეულო და ხომ არ გინანია არჩევანი?
– რთული სამყაროა და არ თქვას არავინ, რომ თეატრის შიდა სამზარეულო არავის აინტერესებს. რა ხდება კულისებში, როგორ იქცევიან არტისტები სცენაზე გასვლამდე, როგორ მზადდება სპექტაკლი, ეს ჯადოსნური სამყაროა, იდეების და ფანტაზიის სამჭედლო, ფაქიზი სტრუქტურაა, ზოგჯერ ბნელი და ზოგჯერ ძალიან ნათელი. აქ სულ ორი პოლუსის ბრძოლაა, მონაცვლეობაა მუდამ, ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესია. ხუთი წელი ვიმუშავე ბათუმის თეატრში და დიდი გამოცდილება მივიღე, საინტერესო შემოქმედებითი პროცესების მონაწილე და დამკვირვებელი გავხდი, ბევრ სიხარულთან ერთად, იმედგაცრუებაც და უმადურობაც ვიგემე, შეურაცხყოფაც, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ, რომ გამოცდილება შევიძინე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრმცოდნეობა დღეს ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განწირული პროფესიაა სიკვდილისთვის, მაინც არ ვნანობ, ეს ჩემი არჩევანია და ამ არჩევანს პატივს ვცემ.
– ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანა შენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?
– ასეთი ძალიან ბევრია, საბედნიეროდ. კეთილ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მათ შორის, უპირველესი ადგილი ორ ადამიანს უჭირავს. უანგაროდ დამეხმარნენ ვასილ კიკნაძე და მანანა კორძაია. თბილისში რომ ჩამოვედი, სტუდენტი ბიჭი, ისინი იყვნენ ჩემი მშობლებიც და მასწავლებლებიც. რომ არა ეს ორი ადამიანი, დღეს მე ერთი ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული, პროვინციალი არარაობა ვიქნებოდი. სწორედ მათი წყალობით მოვხვდი პროგრესულ საზოგადოებაში და ამ გარემოს გავლენას განვიცდი კიდეც.
– თეატრი შენს ცხოვრებაში…
– ყველაფერია, ყველაფერზე უარი ვთქვი და თეატრი დავაყენე ყველაფერზე მაღლა. უბრალოდ სხვგავარად არ შემეძლო ალბათ. თეატრი ჩემი ყოველდღიურობაა, ზოგჯერ მოსაწყენი, ზოგჯერ საინტერესო, სიხარულის და ბედნიერების მომტანი.
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები…
– ოოო, პრობლემებს რა გამოლევს, შემოქმედებითს, თუ მატერიალურ-ტექნიკურს. ჩვენი თეატრი ძალიან ჭრელია, რომელიც ერთდროულად იტევს გონებაშეზღუდულებს, დროში ჩარჩენილებს, გაბოროტებულებს, თანამდებობისთვის მებრძოლებს და ნიჭიერ ანალიტიკოსებს. ჩვენი თეატრი მრავალფეროვანია, რომელიც ერთდროულად იტევს სტურუას და ჩხეიძის თეატრებს, ვანო ხუციშვილისა და დათა თავაძის სპექტაკლებს. მაგრამ მათ გვერდით ბევრი წვალობს, ჯახირობს, ცდილობს, ეძებს, ყოველ შემთხვევაში პროცესი არის, ნებისმიერი გემოვნების და მოთხოვნის მაყურებლისთვის ვხვდებით სპექტაკლებს, მაგრამ ქართული თეატრი ზოგადად მაინც არ არის მოტივირებული გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, მაინც გადამღერებულ თემებს უბრუნდება ისევ ძველი ფორმით და სითამამე აკლია. კეკლუცობს…
– რეგიონებისა და დედაქალაქის თეატრები…
– ზოგჯერ რეგიონში გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი სპექტაკლები იდგმება, ვიდრე დედაქალაქის წამყვანი თეატრების სცენებზე. ბათუმის და ქუთაისის თეატრების „მაკბეტები“ არც გადაწყვეტის, არც შესრულების, არც მხატვრული მასშტაბის თვალსაზრისით არ ჩამოუვარდება სახელგანთქმულ სპექტაკლებს, საინტერესოდ მუშაობენ რეგიონის თეატრები იმ მოცემულობაში, რაც მათ აქვთ და შრომობენ ისე როგორც შეუძლიათ. დაფინანსების გაზრდის პირობებში უფრო მოტივირებულები იქნებიან, მაგრამ მათი მუშაობა არც კულტურის სამინისტროს აინტერესებს და არც ადგილობრივ თვითმმართველობას. სახელმწიფო რომ ხარ და აფინანსებ, უნდა მოიკითხო რას აფინანსებ, რა პრობლემებია, რა უნდა გამოსწორდეს და როგორ, მაგრამ შენც არ მომიკვდე…
– ჩვენი დროის კულტურა…
– აი, ხომ ხედავთ, რაც ხდება? კულტურის და მასში მიმდინარე პროცესების მიმომხილველებად დილეტანტი, ფსევდოპატრიოტი დემაგოგები მოგვევლინენ, ისინი ძალადობენ, თესავენ სიძულვილს და ამის ტირაჟირებას ტელევიზიები ახდენენ! ეს უკვე დანაშაულია! ჩვენს კულტურაშიც ის პროცესები მიდის, რაც მსოფლიოში და ჩვენ არ ვართ მზად ამ პროცესებთან შესახვედრად, რადიკალები ვართ და ყველაფერს ვგმობთ ანალიზის, განსჯის გარეშე. ერთმანეთის ლანძღვა, იცოცხლე, კარგად გამოგვდის. მამებს შვილები არ უყვართ, ძმებს ერთმანეთი. ამდენი ომგამოვლილი ერის ფსიქიკური მდგომარეობა ქვეყნის კულტურაზე აისახება, პირველ ყოვლისა. როგორი საზოგადოებაც გვყავს, იმის ანარეკლია სწორედ მასიური და ერთფეროვანი კულტურა. განსხვავებული ხედვა ხელოვნებაში, ჩვენში, ლამისაა კანონით დასაჯონ.
– რა შეცვალა ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა?
– სამწუხაროდ, არაფერი იმ სტრუქტურებში, რომლის სახელმძღვანელოდაც დაიწერა ეს წიგნი. შეჩერებულია მუშაობა კულტურის პოლიტიკის შექმნაზე. ეს კვლევები, პირველ ყოვლისა, მათ დაეხმარებოდათ. არა მგონია, ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით იხელმძღვანელოს კულტურის სამინისტრომ, რომელიც უპირატესობას უკვე გახრწნის პროცესში მყოფ ავტორიტეტებს ანიჭებს, ვიდრე წელებზე ფეხდამდგარ მშრომელებს. როცა ამგვარ დამოკიდებულებას ვხედავთ, გიქრება სურვილიც, მოტივაციაც, აწარმოო კვლევა. ერთდაერთი თავად თეატრების ინტერესია ამ კვლევების მიმართ და ჩვენ წელსაც შევაჯამებთ წლის ბოლოს შედეგებს, რადგან ის ახდენს კარგ გავლენას თავად თეატრებზე, წარმოაჩენს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, გამარჯვებებს და სხვადასხვა სახის აქტივობებს.
-კრიტიკა საქართველოში…
-ეს მტკივნეული და ჩამჭრელი შეკითხვა არ დაგესვათ ოღონდ… ჩვენზე ხშირად ამბობენ, რომ არ ვარსებობთ, მკვდარი ვართ. კი ასეა, სულს ვღაფავთ, ვფართხალებთ. თქვენ იცით, რომ კრიტიკოსების უმრავლესობა უფასოდ, ენთუზიაზმითა და თეატრისადმი სიყვარულის გრძნობით წერენ რეცენზიებს?! გამოდის მავანი რეჟისორი და ამბობს, სადაა კრიტიკა, არ არსებობსო! იმის მაგიერ, რომ მადლობა გადაგიხადოს, რომ მისი სპექტაკლი ანალიზის ღირსად აქციე, აქეთ გიტევს. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, ვინც კრიტიკას იღებს, თუნდაც ჩვენს მოსატყუებლად, მაგრამ დარგი ნამდვილად დაღუპვის პირას დგას, რადგან არ არსებობს სივრცე, არ არსებობს ოდნავი მოტივაცია, რომ ამ პროფესიაში ვინმე დარჩეს. არც ვინმე გამოგვერია, რომ თანხმების მოზიდვა შეძლოს, მაგრამ ასეთი პრობლემების მიუხედავად, მაინც იწერება, მაინც ეხმაურებიან ამა თუ იმ მოვლენას…
– მედიის როლი თეატრის განვითარებაში…
– უზარმაზრი პასუხისმგებლობა და როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით ტელევიზიას. ვფიქრობ, ტელევიზიების ხელმძღვანელები მხოლოდ კომერციულ პროექტებზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებულები. ეროვნული თვითშეგნების და სახელმწიფოებრივად აზროვნების პრობლემაც დგას, თუმცა რა უნდა მოვთხოვო კერძო ტელევიზიას, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება, ამდენი ხნის მანძილზე ვერ, ან არ აკეთებს ერთ გადაცემას თეატრზე. ამ მხრივ უიშვიათესი გამონაკლისი აჭარის ტელევიზიაა, რომელმაც შეინარჩუნა „სცენა“ და დაამატა ახალი გადაცემა „ტელე სპექტაკლები“, რომელიც რეგიონის თეატრების სპექტაკლებს პროფესიულად იწერს და ეთერში უშვებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ანა კალანდაძეს და მაიკო ღუღუნიშვილს, იმისთვის, რასაც თეატრებისთვის აკეთებთ, როგორ იბრძვით მისი პოპულარიზაციისთვის და მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებისთვის.
– თეატრში – რა ვნახოთ და რატომ?
– გააჩნია ვის ვურჩევ, რა ტიპის მაყურებელს, თანაც ჩემი რჩევა ხომ სუბიექტურია, თუმცა შეფასებები მუდმივად გარკვეულ კრიტერიუმებს ეფუძნება. ამიტომ, უმჯობესია ვიაროთ თეატრში და კარგი მაყურებელი თავადაც მიხვდება, რა უნდა ნახოს და რა არა.
მზევინარ ხუციშვილი