“2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 20 000-მდე ადამიანს მართვის უფლება ნასვამობის გამო შეუჩერდა” – ირაკლი იზორია
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, 2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 20 000-მდე ადამიანს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნასვამობის გამო შეუჩერდა. ამის შესახებ იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იზორიამ ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკის შესახებ ისაუბრა.
“რაც შეეხება, ნასვამ მდგომარეობაში მართვას – როგორც აღვნიშნე, მონაცემები გაზრდილია. როგორც ვიცი, გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ჩვენც გარკვეული რეკომენდაციები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე კანონი უფრო მკაცრი ყოფილიყო. მოგეხსენებათ, 2 წლის წინ ძალაში რეგულაციები შევიდა, 6 თვით მართვის უფლების შეჩერება ხდება, როცა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,3-დან 0,7 პრომილემდეა. ხოლო 0,7-დან ზემოთ როცაა, მაშინ 1-წლიანი მართვის უფლების შეჩერება და 2 000 ლარიანი ჯარიმაა. თუმცა, ეს უფრო გასამკაცრებელია. ბოლო, 2024 წლის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ჯამში, დაახლოებით, სადღაც 20 000-მდე ადამიანს მართვის უფლება შეუჩერდა. ეს 20 000 ადამიანი, რომელიც ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში გამოვიდა, პატრულმა გააჩერა, მართვის მოწმობა ჩამოართვა, ეს ადამიანები რომ ქუჩაში გაეშვათ, არ დაეჯარიმებინათ, წარმოიდგინეთ, რა უბედურებები შეიძლებოდა, დატრიალებულიყო. რადგან წლიდან წლამდე ნასვამ მდგომარეობაში მართვა იმატებს, სახელმწიფოც იძულებულია, გარკვეულ ზომებს მიმართოს, მაქსიმალური ბერკეტები გამოიყენოს, რათა ამ სტატისტიკის წინსვლა შეფერხდეს.
მინდა, ყველა მძღოლს მოვუწოდო, ვისაც სისწრაფის სურვილი აქვს, ამისთვის შესაბამისი ადგილები არსებობს, ესაა დახურული მოედნები, რომელიც ფასიანია, ან უფასოა, შეუძლიათ, თავიანთი ადრენალინი იქ გამოცადონ, სიჩქარის გადაჭარბებით იარონ იქ, სადაც უსაფრთხოების სტანდარტებია დაცული. ქუჩაში ამის გაკეთება ძალიან ცუდია. ზოგადად, მეცნიერულად, კვლევით დადგენილია, რომ როდესაც სიჩქარეს 10%-ით ვაჭარბებთ, სიკვდილიანობის რისკი. 30%-ით იზრდება”- განაცხადა ირაკლი იზორიამ.
ცნობისთვის, 2024 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 5 866 შეადგინა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 5 594 იყო. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 185 სიმთვრალით იყო გამოწვეული, 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი 158 იყო.
რაც შეეხება დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობას: 2024 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 587. 2023 წელს დაიღუპა 442 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 310.
ინფორმაცია საქსტატმა შსს-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.