KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში, პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა.
შემეცნებით საჯარო ლექციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებსაც შეუძლიათ. პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკასა და საერთო სამუშაო სივრცეებს, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
„KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.
აღსანიშნავია, რომ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები ყოველთვის დადებით უკუკავშირს აზიარებენ ლექციების მიმართ.