„საერთაშორისო თანამშრომლობა და ურთიერთობები ეფუძნება და უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ელჩების მხრიდან ამ პრინციპების, სწორედ ამ მიდგომების დარღვევის მოწმენი”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, უცხო ქვეყნების ელჩებთან ურთიერთობებზე საუბრისას. მისი თქმით, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებსა და წესებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც სწორედ თანასწორ საფუძვლებზე და პატივისცემაზე იქნება დამყარებული. „ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ქვეყნებს და, შესაბამისად, იმავეს მოველით სხვა ქვეყნებისგან, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება სწორედ დიპლომატიური წარმომადგენლების მოქმედებითა და ქცევით იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იმყოფებიან”, – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.