ომბუდსმენი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს 2014 წლის 15 ნოემბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი ხუთი მობილური ჯგუფი ღონისძიების მიმდინარეობისას დააკვირდება სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება.

შაბათს, 15 ნოემბერს პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა შელახვის ობიექტი, ან აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814/15.

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ არ ჩაერიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაში, არამედ, ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განხორციელებას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები