ნინო წილოსანი: „ლელოს“ იმდენად უგუნური მოქმედებები აქვს ჩატარებული, თავისი რესურსი ამოწურული აქვს
მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია „ლელო“ და გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას თამაშობენ, ახლა როდესაც ისინი მდინარის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ რადიკალ „ნაცებისგან“ განსხვავებით, ახლა ისინი ამ უპირატესობას აუცილებლად გამოიყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ იმდენად უგუნური მოქმედებები აქვს ჩატარებული, თავისი რესურსი ამოწურული აქვს.
„ნამდვილად უპირატესობაა, როდესაც არ გარადიკალდები, არ გამარგინალდები და ქუჩაში იმ სიგიჟეების ჩადენით არ ხარ დაკავებული, შესაბამისად ამ პოზიციიდან მათი უკან დახევის პროცესი ნელ-ნელა დაიწყება. ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით გახარიას პარტიის წარმომადგენლები შემოვლენ პარლამენტში. რაც შეეხება „ლელოს“, მას იმდენად უგუნური მოქმედებები აქვს ჩატარებული, თავისი რესურსი ამოწურული აქვს, ისინი პარლამენტში ვერ შემოვლენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ გააგრძელონ საქმიანობა იმ მცირედი მანდატებით, რაც საკუთარმა ამომრჩეველმა მისცა თვითმმართველობის არჩევნებში და რაღაცა ფორმით მაინც იყვნენ წარმოდგენილნი. საქართველო პრინციპულად სხვა პოლიტიკურ ველში გადადის, რაც არის ნამდვილი, კონსტრუქციული, დემოკრატიული პროცესები, სადაც ადგილი არ აქვს რადიკალიზმს, ბოიკოტს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნული, რომ განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა.