დავით სონღულაშვილმა რაჭაში თაფლის საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქ. ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც კოოპერატივის „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ თაფლის საწარმო დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ საქმიანობის განვითარების მიზნით რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში პროდუქციის ბრენდირებისათვის მიიღო თანადაფინანსება. თაფლის საწარმოს წლიურად 200 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. კომპანია თაფლის რეალიზაციას საბითუმო პარტიებად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

„ქართული თაფლის წარმოების და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, მსოფლიოს ბაზრებზე გამორჩეული თვისებების მქონე ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს. სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა. თაფლის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს არაერთი სახელმწიფო პროგრამა. ამავდროულად, ქვეყანაში გაუმჯობესებულია ლაბორატორიული შესაძლებლობები; სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილია თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. თაფლის წარმოება მხარდაჭერილია როგორც ფინანსური, ტექნოლოგიური, თანამდეროვე ცოდნაზე წვდომის მიმართულებებით, ასევე, რეალიზაციის კუთხით. ქართველი მეწარმეები, სახელმწიფოს ხელშეწყობით მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ ყველაზე პრესტიჟულ აგროგამოფენებში. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით ყველა პირობას, რომ გავზარდოთ ქართული თაფლის წარმოება და რეალიზაცია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თაფლის საწარმოში მეფუტკრეებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში არსებული მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა.

საქართველოს მასშტაბით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან, თაფლის წარმოების განვითარების მიზნით გაცემულია 70 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 17 მლნ აჭარბებს. მათ შორის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 730,000 ლარზე მეტი აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 170,000 ლარია.

მეფუტკრეებთან გამართულ შეხვედრაზე დავით სონღულაშვილთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები