მაია ომიაძე: Ajet-ის ავიარეისები საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს

თურქეთის ავიაკომპანიამ AJet თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

თბილისის მიმართულებით ავიარეისების განახლებას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მისი თქმით, ფრენები ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდას.

„კომპანია AJet-მა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირველი რეისი შეასრულა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს სამოგზაურო სტატისტიკაში, პირველ სამეულში ყოველთვის უჭირავთ ადგილი. AJet-ის ავიარეისები, ეს ახალი მიმართულება ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და შესაძლებელი გახდება სწორედ ანკარიდან საქართველოში ბევრად მეტი, როგორც საქმიანი, ასევე ტურიზმის მიზნით მგზავრი ჩამოიყვანოს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობებს, მათ შორის, საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ავიაკომპანია Ajet – ის მიერ ანკარა – თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილეს საქართველო – თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად თანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

Ajet თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები