ნოდარ ჯავახიშვილი – 1995 წელს ეკონომიკამ ნელ-ნელა ზრდა დაიწყო, ფულად მასას ვმართავდით და მივხვდით რომ მზად ვიყავით ეროვნული ვალუტის შემოსაღებად
“1995 წელს როდესაც მივხვდით, რომ ეკონომიკამ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ზრდა დაიწყო და რაც მთავარია, ფულის მასას ვმართავდით, უკვე მზად ვიყავით ქართული ლარის მიმოქცევაში გასაშვებად. როგორ კარგადაც არ უნდა გვემართა კუპონი, ის ვერ გახდებოდა მოსახლეობისთვის აბსოლუტურად სანდო ფული, რადგან ტკივილი სულ რჩება,“ – ამის შესახებ 1993-1998 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მიუხედავად იმისა რომ 1995 წელს კუპონი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მისი მართვა შესაძლებელი იყო, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, კუპონი სრულყოფილი ფული ვერასოდეს გახდებოდა, რადგან ის იყო ფულის სუროგატი და არა ნამდვილი ფული.
„ხალხი ხევდა კუპონებს და ქარი აფრიალებდა ქუჩაში, ერთ ღამეში ისე შეიძლება ისე გაუფასურებულიყო რომ დილით ერთი ასანთიც კი ვერ გეყიდა,“ – განაცხადა ჯავახიშვილმა.
მან ეკონომისტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას ფულის რეფორმის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა რომ ეროვნული ვალუტა ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
მისი ინფორმაციით, „მაშინ ჯერ კიდევ ავტომატიანი ხალხი დარბოდა ქუჩაში, მიუხედავად ამისა, ფულის დიდი მასის გამოცვლის პროცესში ერთი ექსცესიც კი არ მომხდარა“.
შეგახსენებთ, რომ ლარის პირველ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძესთან ერთად სწორედ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის ხელმოწერაა დაფიქსირებული.