ირაკლი ქადაგიშვილი: არა მარტო პარიზში, არამედ დემოკრატიული ქვეყნების ბევრ ქალაქებში, როდესაც დემონსტრანტები რაღაც წესს არღვევენ, პოლიცია მოქმედებს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბრუტალურადაც კი
„როდესაც პარიზში და სხვა ბევრ დემოკრატიულ ქვეყნებში დემონსტრანტები რაღაც წესებს არღვევენ, პოლიცია ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბრუტალურად იქცევა, თუმცა, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, დასავლეთის გარკვეულ წრეებს უსტანდარტო დამოკიდებულება აქვთ,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიცია საათობით იცავს თავს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის კანონით დაშვებული და განსაზღვრული მეთოდებით დემონსტრანტების ასე ვთქვათ დაშლაზე.
„არა მარტო პარიზში, არამედ დემოკრატიული ქვეყნების ბევრ ქალაქებში, როდესაც დემონსტრანტები რაღაც წესს არღვევენ, პოლიცია მოქმედებს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბრუტალურადაც კი, მაგრამ ერთი განსხვავებაა აქ, მე მინდა ამას ხაზი გავუსვა. ერთია, როდესაც სოციალური მოთხოვნით გამოდის ხოლმე დემონსტრანტი, ის რაღაც წესრიგს არღვევს და მეორე საკითხია, როდესაც საქართველოში წინასწარ მომზადებული ჯგუფები სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით გადატრიალების მიზნით პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პარლამენტის შენობაზე შეტევას ახორციელებენ. პოლიცია საათობით იცავს თავს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის კანონით დაშვებული და განსაზღვრული მეთოდებით დემონსტრანტების ასე ვთქვათ დაშლაზე და ამ დროს ხდება ასეთი ორმაგი სტანდარტიც არ ჰქვია, უსტანდარტო დამოკიდებულება დასავლეთის გარკვეული წრეების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ეს რაზე მიუთითებს? – ეს მიუთითებს არა იმაზე, რომ საკითხს უდგებიან ობიექტური, კანონიერი მეთოდებით შეფასებისათვის, არამედ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარიზში, პირველი მაისის დემონსტრაცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია 50 ადამიანი.