ქართლის რეგიონის სალოტბარო სკოლებს გოჩა ბიძინაშვილმა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის სამგალობლო ტრადიციები გააცნო
ქართლის რეგიონის სალოტბარო სკოლებს გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ბიძინაშვილმა, გორის ფერისცვალების საკვირაო სკოლაში, გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის სამგალობლო ტრადიციები გააცნო.
კასპის, ქარელის, მერეთისა და გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთათვის პრაქტიკული გაკვეთილი Ჩატარდა.
ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და გალობის უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა.
„XIX საუკუნეში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულების აკრძალვამ, ქართული სამგალობლო ხელოვნების არსებობა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა, რის გამოც სამგალობლო სკოლების ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია და დაკარგულად ითვლება.
ასეთ სამგალობლო ტრადიციას მიეკუთვნებოდა გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის სამგალობლო სკოლაც, რომელსაც, დღესდღეობით, საბედნიეროდ, ეს საფრთხე აღარ ემუქრება. გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ბიძინაშვილმა, სამაგისტრო ნაშრომზე „გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის საგალობო სკოლა“ (ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე) მუშაობისას, შეისწავლა უახლესი კვლევებით აღმოჩენილი იოანე ნათლისმცემლის მონასტრის სამგალობლო ტრადიციის კრებული (1842 წლით დათარიღებული ანდრია მრევლიშვილის ხელნაწერი), რის შედეგადაც ნათლისმცემლის მონასტრის სამგალობლო სკოლის დამოუკიდებლად არსებობა დადასტურდა.
გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის სამგალობლო სკოლის ნიმუშები ღვთისმსახურებაში, თითქმის 2-საუკუნიანი წყვეტის შემდეგ, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა პირველად ააჟღერეს, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ნათლისმცემლის სამგალობლო ტრადიციის საღვთისმსახურო პრაქტიკაში კვლავ დამკვიდრებისათვის. მადლობა მამა ბასილ ფოსურს გულთბილი მასპინძლობისთვის“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მხარდამჭერია გორის, კასპის, ქარელის და მერეთის მუნიციპალიტეტები.