ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა მზად არის აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს ვთავაზობთ
ევროკავშირი მზადაა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის და შესთავაზა სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ეს ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, დიდ ხარჯებს იწვევს აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მათ აქვთ დიდი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ტარიფები, რამაც გლობალური ბაზრის რღვევა გამოიწვია, აშშ-სთვის გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის. მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კითხვაზე, როდის წარადგინა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფის შეთავაზება, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ შეთავაზება ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადებამდე „დიდი ხნით ადრე“ გაკეთდა. ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირს საკითხის „მოლაპარაკების გზით მოგვარება“ ურჩევნია, თუმცა მკაცრად თამაშისთვისაც მზად არის.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ათობით ქვეყანაზე მაღალი ტარიფების დაწესების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ექსპორტს აშშ-ში 20%-იანი „საპასუხო“ ტარიფი, ხოლო მის ფოლადისა და ავტო ინდუსტრიას 25%-იანი ტარიფი ემუქრება.