ლევან დავითაშვილი – სამთავრობო ცვლილებებზე: გარკვეული ცვლილებები ყოველთვის არის იმისთვის, რომ პროცესი უკეთესად გაგრძელდეს
„სახელმწიფო სამსახური, ზოგადად, საჯარო სამსახური ასეთია – ცვლილებები მუდმივად ხდება, თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცები და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა განახლება. ესეც ბუნებრივი პროცესია, გარკვეული ცვლილებები ყოველთვის არის იმისთვის, რომ პროცესი უკეთესად გაგრძელდეს“, – პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში ისაუბრა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი განმარტება იქნა გაკეთებული სამთავრობო გუნდის წევრების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე თავად სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
„ის გამორჩეული და ღირსეული ადამიანია და ამავე დროს, ის არის განსაკუთრებული პროფესიონალი. მისი დამსახურებაა დიდწილად, რომ ჩვენ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არ გვქონია განსაკუთრებული პრობლემები და საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იყო ტერორიზმთან ბრძოლის კუთხითაც, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშში, ასევე პარტნიორების ანგარიშებშიც აისახა. ვფიქრობ, რომ განახლებას თავისი საფუძველი აქვს, გამოვრიცხავ რაიმე კონფლიქტს, რადგან ოქტომბერში არსებულ ხელმძღვანელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა უკვე გასდიოდა, გარკვეულწილად ეს იყო გადაწყვეტილებისთვის მოტივატორი – რომ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნოს და გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და შესაბამისად, ეს გადაცემის პროცესი ისე შესრულდეს, რომ სამსახურის ინტერესები არ დაზიანდეს. პირიქით, როგორც სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციონალურად, რაც, ასეც ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის სამსახური, რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ ჩვენი მოქალაქეები, რადგან მას ჩვენი უსაფრთხოება აბარია და აქედან გამომდინარე, ეს გაუმჯობესება ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესშია. ბატონი ანრიც გამორჩეული პროფესიონალია და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალიან წარმატებით გააგრძელებს მუშაობას ახალ პოზიციაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ცვლილებაა – ამ პოსტზე თორნიკე რიჟვაძე სულხან თამაზაშვილმა შეცვალა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთი ცვლილებები ბუნებრივია საჯარო სამსახურში, ასევე პოლიტიკაში და პოლიტიკურ თანამდებობებზე. პირველი ვიცე-პრემიერი დადებითად აფასებს თორნიკე რიჟვაძის მიერ გაწეულ სამუშაოს.
„რა თქმა უნდა, თორნიკემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გუნდის და პოლიტიკის ერთგული რჩება. მას ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს გაწეული – ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ რეალურად რეგიონის და ქალაქ ბათუმის ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველოს მეორე უმსხვილესი ქალაქი გახდა. თვითმმართველობის არჩევნებში ბატონი თორნიკე ასევე წარმატებული იყო თავის პოზიციაზე, აჭარის რეგიონში „ქართულ ოცნებას“ ამ პერიოდში მუდმივად ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის თორნიკეს ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.