თინათინ რუხაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრს – ჟანა ანდრეასიანს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტები. საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ სომხური კულტურის დღეებს.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტისას ქართული კულტურის დღეები წარმატებით ჩატარდა.
შეხვედრის შემდეგ თინათინ რუხაძემ და ჟანა ანდრეასიანმა ხელი მოაწერეს 2025-2027 წლებში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას, რომლის მიზანი სომხეთსა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის განმტკიცებაა.
შეხვედრასა და მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ კოჩარიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საგარეო ურთიერთობებისა და დიასპორის დეპარტამენტის უფროსი არკადი პაპოიანი და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მდივანი დავით ტერ-მკრტიჩიანი.