გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს – რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი სამუშაოები ქერჩის N7-ში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაიწყო. სამუშაოები, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 200 ლარი დაიხარჯება.
პროექტის დაწყების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.