აჭარაში სტიქიას ებრძვიან – ახალშენში სახლის კედელი ჩამოინგრა და ავტომობილს დაეცა

   აჭარაში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. სტიქიამ ბათუმის ცალკეული უბნები, განსაკუთრებით კი ე.წ ჭაობის დასახლება დატბორა.
როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ე.წ. ჭაობის დასახლების მობინადრეების უმრავლესობის სარდაფები დატბორილია, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
თურმანიძის ინფორმაციით, აჭარის სამაშველო სამსახური სტიქიას სრული შემადგენლობით ებრძვის.
“ჩვენი სამსახური მობილიზებულია, ჩვენი თანამშრომლები, რომელთაც დასვენება ეკუთვნოდათ, ისინიც ჩვენთან ერთად ჩვეულ რეჟიმში ებრძვიან სტიქიას. ჩვენთან ერთად წვიმის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის შსს-ს სამაშველო სამსახურიც. სურთი მძიმეა – ახალშენში ერთ-ეთი სახლის კედელი ჩამოინგრა და ავტომობილს დაეცა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. აჭარის მაღალმთიანი რეგიონების სახანძრო ბრიგადები ბათუმისკენ მოემართებიან და ბათუმის სახანძრო სამსახურთან ერთად დაიწყება წყლის ამოტუმბვა დატბორილი სარდაფებიდან, დაახლოებით 6 საათი დაგვჭირდება აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად“-განუცხადა “კვირას“ მამუკა თურმანიძემ.
ბათუმში ძლიერი წვიმის გამო, შეფერხებით მოძრაობენ ავტომობილებიც.
სინოპტკოსები აჭარაში გამოდარებას ხვალიდან ელიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები