ნანა კაკაბაძე: ტრამპის გაპრეზიდენტებიდან გავიდა 2 თვე – ყველა ხედავს, რომ ამ ორმა თვემ ძირეულად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა
„ორთვიანი რეალ-პოლიტიკა. ტრამპის გაპრეზიდენტებიდან გავიდა 2 თვე. ყველა ხედავს, რომ ამ ორმა თვემ ძირეულად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა. მთავარ ცვლილებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ პროპაგანდაზე, ცრუ ნარატივებზე და ილუზიებზე დამყარებული პოლიტიკა შეიცვალა რეალ-პოლიტიკით,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ფონზე მსოფლიოს განხილვის საგნად იქცა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა უთხრა ტრამპმა პუტინს და რა უპასუხა პუტინმა, რამდენ საათსა და წუთს გაგრძელდა მათი სატელეფონო საუბარი, რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები. უმთავრესი მოვლენა კი დარჩა ყურადღების მიღმა. მსოფლიოში დასრულდა ერთ პოლუსიანი ამერიკული ჰეგემონია, დაიბადა ახალი მსოფლიო, რომლის მმართველობის დღის წესრიგს ძირითადად ორი გიგანტი სახელმწიფო – აშშ და რუსეთი ადგენს. ამ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, თავისი ადგილი და ინტერესები ჩინეთსაც ექნება, ევროპასაც, ინდოეთსაც, არაბულ სამყაროსაც და სხვებსაც, მაგრამ უკანა პლანზე გადადის იდეოლოგიური შტამპები და კლიშეები. მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი ხდება სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტერესები, რომელშიც სრულიად სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეყნები შეიძლება პარტნიორებიც აღმოჩნდნენ და მოკავშირეებიც.
რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის იმ განცხადებებზე, რომელიც უკრაინის იშვიათ მინერალებზე, კანადაზე, გრენადასა და პანამის არხთან დაკავშირებით გაკეთდა და რომელიც აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებთანაა დაკავშირებული, ტრამპის გუშინწინდელი 2 განცხადება პოლიტიკურ ჭრილში, კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა:
1. რუსეთთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, ვინაიდან მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მიწა აქვთ.
2. აშშ-ს ინტერესია, რომ მფლობელობაში და მართვაში ჰქონდეს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები.
ტრამპის პრეზიდენტობის ორმა თვემ ნათლად გამოაჩინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა მართვისა და ბალანსის ის ფორმალური ბერკეტები, რომელიც მას ერთპოლუსიანი მმართველობის დროს ჰქონდა.
ევროპამ, ამერიკის ფრთაშეფარებიდან გამოსვლის შემდეგ ერთის მხრივ, ეკონომიკური მდგრადობა და სტაბილურობა დაკარგა, ხოლო მეორეს მხრივ, გამოჩნდა, რომ მის მიერ დეკლარირებული სამართლიანობისა და დემოკრატიის ლოზუნგები თურმე არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა და ის მას სჭირდებოდა მხოლოდ ინსტრუმენტად, რომელსაც ამერიკული მმართველობის პირობებში იყენებდა საკუთარი ვითომ სიძლიერის დემონსტრირებისთვის. როგორც კი ტრამპი მოვიდა და უპირატესობა რეალურ პოლიტიკას მიანიჭა, გაემიჯნა ხელოვნურ და მოჩვენებით ღირებულებათა მეტრს – დასავლეთს და არჩევანი მსოფლიოში არსებულ რეალურ ძალებთან ურთიერთთანამშრომლობას მიანიჭა, ევროპის ქვეყნებმა წყლიდან ამოგდებული თევზებივით დაიწყეს ფართხალი. ერთის მხრივ გვერდში დგომას ჰპირდებიან უკრაინას, მეორეს მხრივ კი ბოლომდე ვერ ბედავენ აშშ-ს პოლიტიკასთან დაპირისპირებას.
ამ ახალ რეალობაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული, ბოლო წლების პოლიტიკა და ის მმართველი ძალა, რომელმაც გმირულად გაუძლო გარე ზეწოლებს, დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს, სანქციებს და დიდი ქვეყნების ინტერესების დასაკმაყოფილებლად ომში ჩართვის იძულებას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაურჩა, ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ამ გონივრული და გმირული პოლიტიკის შედეგებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად მოუტანს დიდ წინსვლას და წარმატებას.
სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია უფრო მეტი გახსნილობა, იდეოლოგიური კლიშეების გადალახვა და დიალოგი რუსეთთან, ამერიკასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და წარმატების ფორმულა. უნდა დავასრულოთ ხელოვნური სიძულვილი და კარჩაკეტილობა, რომელიც თავს მოგვახვიეს ფსევდოლიბერალებმა. ქვეყნის ნეიტრალიტეტი გავხადოთ ის ორიენტირი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ უახლოეს მომავალში.
ჩვენს მიერ წარმოებული ღია პოლიტიკის შედეგად უნდა მოხდეს ყველა დიდი ქვეყნის მიერ საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება, ეკონომიკური ინტერესების პრიორიტეტულად დასახვა, ჩვენი უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობის მაქსიმალურად გამოყენება, ამ ყველაფრის საფუძველზე ეკონომიკის გაძლიერება და მოქალაქეთა კეთილდღეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის გამთლიანებაზე, უნდა მოვიცილოთ რუსეთთან დალაპარაკების კომპლექსი, რადგან არდალაპარაკების და გაბუტვის მრავალწლიანმა პოლიტიკამ მოიტანა ის რაც არის სახეზე, გაუცხოებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით. მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ არდალაპარაკებისა და გაბუტვის პოლიტიკა იყო სწორედ ის შედეგი, რამაც უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა და რომ არა ტრამპის მიერ შემოტანილი რეალ-პოლიტიკა, არც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის პერსპექტივები გამოიკვეთებოდა და უკრაინის მხრიდან უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხეც უფრო რეალური იქნებოდა.
ამ ყველაფრის ცოდნა აუცილებელია, რადგან სუსტი ეკონომიკის, ღარიბ სახელმწიფოებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის საკითხებს ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ მხოლოდ საკუთარი ანგარებითი მიზნების მისაღწევად. ასეთ ქვეყნებში აფინანსებენ საკუთარი გავლენის აგენტებს, იღვწიან, ნებისმიერი გზით, მათ მოსაყვანად ხელისუფლებაში, რათა ადგილებზე დასვან უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი მთავრობები. ამიტომ ქვეყანამ პირველ რიგში უნდა იზრუნოს ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შექმნაზე, სადაც ადამიანების ყოველდღიური საზრუნავი არსებობის შენარჩუნებისთვის ლუკმა-პურის მოპოვება კი არ იქნება, არამედ მოქალაქეებს გარანტირებული ექნებათ მინიმალური საარსებო დონე, რის შემდეგაც ბუნებრივად იწყებენ ფიქრს და ზრუნვას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გზებზე, ამ გზების გაუმჯობესებაზე და დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე”, – წერს კაკაბაძე.