გიორგი შალუტაშვილი: ბრალდება, რომ თითქოს პროტესტს ვახშობთ, სიმართლეს არ შეესაბამება

ეთიკის კომისიის წერილში არის ათამდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს შეუწყდათ სტატუსი, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მათ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება დავუშვათ სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მათი პოზიცია. ჩემი მხრიდან, მოხდა პირველი ჩემი შეხვედრა ერთ-ერთ სტუდენტთან, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა და თუ ეს გახდება მაგალითი და ამაში ყველა ერთად დავდგებით, პირდაპირ ვამბობ, მზად ვარ დიალოგისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არავისთვის არ იყო სასიამოვნო, მაგრამ აქ არის ძალზედ მკაფიოდ გაწერილი, ეთიკის კოდექსის რომელი პუნქტებია დარღვეული“, – განაცხადა შალუტაშვილმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამი თვის მანძილზე ნამდვილად ითვალისწინებდა და გაგებით ეკიდებოდა მათ პროტესტს.

„ყველაფერი ფაქტებით არის გამყარებული. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად, ამ პერიოდში არასწორად, არასრულყოფილად წავიდა სასწავლო პროცესი, ანუ, უნივერსიტეტის მთავარი ფუნქცია. ახლა უკვე სალექციო პერიოდი გვეწყებოდა პირველ კორპუსშიც, უნივერსიტეტი ლექციებს ფაქტობრივად, ვეღარ ატარებდა სრულყოფილად და იძულებული გავხდით, ისევ ონლაინ რეჟიმზე გადავსულიყავით. არა მარტო ეს, ეს მივიდა ძალიან სერიოზულ პრობლემამდე. ჩვენ სამი თვის მანძილზე ნამდვილად ვითვალისწინებდით და მართლა გაგებით ვეკიდებოდით მათ პროტესტს. მინდა, ეს ორი საკითხი მკაფიოდ გავმიჯნოთ. ძალიან ხშირად გაისმა ასეთი ტიპის ბრალდება, თითქოს ჩვენ პროტესტს ვახშობთ. ძალიან რბილად ვიტყვი, რომ ეს არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი მცდელობა ბოლო დღემდე, ბოლო წუთებამდე იყო იმის, რომ პროტესტიც არსებულიყო, მისცემოდათ ახალგაზრდებს საშუალება, თავიანთი აზრი გამოეთქვათ და იყო აზრი, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებოდით. არ მგონია, ქვეყნად იყოს ადამიანი, ვისაც პატიმრობაში ახალგაზრდა ადამიანის დატოვება უხარია და თან იქ არიან, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ჩემი აღზრდილები არიან“, – განაცხადა შალუტაშვილმა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, არ შეიძლება, იყოს პროტესტი, რომელიც უკვე სხვის უფლებას დაარღვევს.

„ეს იყო პრობლემა. დღეს მაგალითად, ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომლის სახელს და გვარს ბუნებრივია, ვერ გავაჟღერებ, ძალიან დიდი უკმაყოფილებით მომმართა და არა ერთმა და ორმა. ის ჯგუფები, რომლებიც შევიდნენ პირველ კორპუსში, მათ სამწუხაროდ, სირცხვილის კორიდორი დახვდათ და მათაც აქვთ ეს უფლება, რომ დაუბრკოლებლად შევიდნენ შენობაში, ისწავლონ და მიიღონ განათლება, ხომ? ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, რომ ყველა სტუდენტის ინტერესი, იქნება ეს პროტესტის გამოხატვა, თუ განათლების მიღება, თანაბრად დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა შალუტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები