“არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ საზოგადოება „ფეიკნიუსებისგან“ დაცული იყოს” – არჩილ გორდულაძე
“მედიის სფეროში საჭიროა, ისეთი მექანიზმები იყოს, რაც დიდ ბრიტანეთშია, მედიებს ამ ცვლილებების შესრულებაზე თავად აქვთ ხელი მოწერილი, თვითრეგულირების ფარგლებში, მაგრამ არ ასრულებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ საზოგადოება „ფეიკნიუსებისგან“ დაცული იყოს.
„საქართველოში ბრიტანული მოდელი როდესაც ჯერ არ არის ამოქმედებული, არსებობს თუ არა ცენზურა მედიებში? ასეთი რამე არ არსებობს. რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ის ცვლილებები უკვე მოქმედებს თვითრეგულაციების ფარგლებში. ვინც ამბობს, რომ რაიმე საფრთხე შეექმნება, თავადვე აქვთ ხელი მოწერილი ქარტიაზე, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იქნება ჯეროვანი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ფეიკნიუსები“ არ გავრცელდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. „ტვ პირველზე“ თქვეს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე არაფერი უთქვამს. ეს მაშინ, როცა რამდენიმე დღით ადრე, ეუთო-ში ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. არჩევნები დაგმო და პარტნიორ ქვეყნებს მისი დაგმობისკენ მოუწოდა. არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ საზოგადოება ამ „ფეიკნიუსებისგან“ დაცული იყოს, ამიტომ საჭიროა, ისეთი მექანიზმები იყოს, რაც დიდ ბრიტანეთში არსებობს. მედიებს ამ ცვლილებების შესრულებაზე თავად აქვთ ხელი მოწერილი, თვითრეგულირების ფარგლებში, მაგრამ არ ასრულებენ. ახსნან, რაშია პრობლემა? თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათზე ეს ცვლილებები არ გავრცელდება“, – განაცხადა გორდულაძემ.