“საინტერესოა, ვენეციის კომისია რომელ დაინტერესებულ მხარეებს გულისხმობს, მათ ხომ არა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ აქციას და თავად იყო ძალადობის წამხალისებელი” – გორდულაძე
“ვენეციის კომისია დასკვნაში საუბრობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, აქციის მონაწილეთა მხრიდან როგორ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და მათ შორის, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რითაც ათობით პოლიციელი დაშავდა და დაზიანებები მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„შესაბამისად, დანარჩენი მსჯელობა ეჭვს ბადებს, რომ ამ ადამიანებმა ან არ იციან, საქართველოში დეკემბერში რა ხდებოდა, რაც მათ არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს, ან იციან და ამის მიუხედავად მაინც მოგვიწოდებენ, რომ ე.წ. დაინტერესებულ მხარეებთან გვქონდეს კომუნიკაცია. საინტერესოა, ვენეციის კომისია რომელ დაინტერესებულ მხარეებს გულისხმობს, შემთხვევით მათ ხომ არა, ვინც თავადვე აორგანიზებდა ძალადობრივ აქციას და თავად იყვნენ ძალადობის წამხალისებლები.
ნებისმიერი ცვლილება, რაც მივიღეთ, სრულად შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. წესით, ვენეციის კომისია სამართლებრივ დასკვნას უნდა დებდეს, თუმცა ეს დასკვნა არაფერია, თუ არა ოპოზიციურ ნარატივზე აწყობილი პოლიტიკური მანიფესტი“, – განაცხადა გორდულაძემ.