მამუკა მდინარაძე: FARA-ს ამერიკული კანონი მორგებული იქნება ქართულ ენასა და საკანონმდებლო სივრცეზე მხოლოდ იმ დათქმებით, რომ არცერთი დამატება ამ კანონში არ იქნება

FARA-ს ამერიკული კანონი მორგებული იქნება ქართულ ენასა და საკანონმდებლო სივრცეზე მხოლოდ იმ დათქმებით, რომ არცერთი დამატება ამ კანონში არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს პირველი მოსმენით მოხდა ამერიკული FARA-ს კანონის ქართულ კანონმდებლობასთან შესატყვისობაში მოყვანა. საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ რას გულისხმობს ეს, რომ არც ერთი დამატებითი პუნქტი, სიტყვა, ფრაზა, ამერიკულ კანონში ჩამატებული არ იქნება და სამი მოსმენის ფარგლებში, ბოლომდე ასე მივალთ. მხოლოდ და მხოლოდ იქნება მორგება ქართულ ენაზე და საკანონმდებლო სივრცეზე იმ დათქმებით, რომ არც ერთი დამატება ამ კანონში არ იქნება და იქნება ერთი ერთში ამერიკული კანონი. განსხვავება იქნება მხოლოდ სიდიდეში, იქნება უფრო მცირე ნაწილი, ვიდრე მთლიანად ამერიკული კანონია.

ცვლილება თუ შეეხება, შეეხება მაგალითად ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად საქართველოს ჩაწერა და ა.შ. მაგალითად, იუსტიციის დეპარტამენტის ნაცვლად, რომელიც ცალკე საქართველოში არ არსებობს, იქნება ანტიკორუფციული ბიურო იმიტომ, რომ ეს უფლებამოსილება, რაც აქვს იუსტიციის დეპარტამენტს, საქართველოში აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს. ამ სახით მოერგება ქართულ რეალობას კანონი და სხვა არანაირი ჩანაცვლება სიტყვებისა კანონმდებლობაში არ იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები