ვენეციის კომისიამ მოიწონა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპი

  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რომში ვენეციის კომისიის საიუბილეო მე-100 სხდომაზე, პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი წარადგინა.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღა იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მიზანი თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ამაღლება, სასამართლოების ხელმძღვანელების მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის გამორიცხვა და სასამართლოს საქმიანობაში მოსამართლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაა.
დღევანდელ სხდომაზე, ვენეციის კომისიამ მოიწონა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი რეფორმის შემდეგი პრინციპები: უზენაესი სასამართლოს პლენუმი ვეღარ დაადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ოდენობას, რომელიც განისაზღვრება კანონით; სააპელაციო სასამართლების თავმჯდომარეები აღარ იქნებიან უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრები; სასამართლოების თავმჯდომარეებს მოცემული სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ; სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ თავიანთი სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება, რომელიც მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე იქნება; საქმეების ავტომატური განაწილების პრინციპი; მოსამართლეთა მივლინებაში გაშვების ახალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული წესები, მათ შორის მისამართლის თანხმობის ვალდებულება, წილისყრის პროცედურა და სხვ; დისციპლინური პროცედურის საჯაროობა; უზენაესი სასამართლოს წევრთა ოდენობის ზრდა და ამ სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება; უზენაესი სასამართლოს ვალდებულება დაასაბუთოს დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილებები, რათა ასეთი გადაწყვეტილებები გასაგები იყოს კასატორისა და საზოგადოებისთვის; მოსამართლეობის ყველა კანდიდატის თანამდებობაზე გამწესება კონკურსის წესით; და სხვ.
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დღევანდელი დადებითი დასკვნების შედეგად, იუსტიციის სამინისტრო უახლოეს დღეებში ცვლილებათა პაკეტს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს წარუდგენს.
„სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე იუსტიციის სამინისტრო 2012 წლიდან მუშაობს. ინსტიტუციური რეფორმის პირველი ტალღა 2013 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებით დასრულდა და მისი შედეგი მოსამართლის გარე ძალებისგან დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციაა. რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში შემოღებულ იქნა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც ადგენს შეფასების პროცესის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის ვალდებულებას და, ამავე დროს, ითვალისწინებს შეფასების პროცესში მოსამართლის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები