პრემიერ-მინისტრი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებს და დარჩენილ გამოწვევებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური აჭარაში არსებულ ვითარებას და იმ ღონისძიებებს გაეცნო, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებს.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება.
აღინიშნა, რომ გარკვეული გამოწვევები ჯერ ისევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურს, რომლებმაც დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე ოპერატიულად იზრუნეს.
„გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები. პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არსებითად გაწმენდილია. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა, როგორც გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება ელექტროენერგია ჩართული. სამუშაოები ინტენსიურად წარიმართება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.