„არის ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება, თავდაცვის ძალების ჩართვაც დაგვჭირდეს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„რამდენიმე რაიონში ნამდვილად რთული სიტუაციაა, მათ შორის, ბაღდათის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის სოფლებში. ხარაგაულის რაიონში 80-მდე პატარა სოფელია, სადაც ცალ-ცალკე კომუნიკაცია არის საჭირო. ცდილობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომ ყველა ამ სოფელთან და თითოეულ მაცხოვრებელთან კომუნიკაცია იყოს. არის ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება, თავდაცვის ძალების ჩართვაც დაგვჭირდეს, რადგან შესაძლოა, ელექტროენერგია ბევრს არ აქვს, მაგრამ სადაც არის, ორმეტრიან თოვლში გარეთაც ვერ გამოდიან, სახლში არიან ადამიანები და შეიძლება, მათთვის რაღაცების მიწოდება დაგვჭირდეს, ამას ცოცხალი ძალა უზრუნველყოფს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და სტიქიის ზონაში მყოფი დეპუტატები გურიიდან იმერეთში გაემგზავრნენ.