თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ აკაკი ჩხენკელის პირადი დღიურებისა და საქმიანი წერილების წარდგენას უმასპინძლა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ დღეს ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკაკი ჩხენკელის პირადი დღიურებისა და საქმიანი წერილების პრეზენტაციას უმასპინძლა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი კახა ლაბუჩიძე, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ზურაბ გაიპარაშვილი, ამავე ბიბლიოთეკის თანამშრომლები, თსუ-ის აკადემიური პერსონალი, და თსუ-ის სტუდენტები.
ღონისძიებაზე სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვა წარმოთვა თსუ-ის რექტორმა.
„ამ კრებულის პრეზენტაცია 25 თებერვალს გადავწყვიტეთ, რადგან ეს დღე არის სიმბოლური აკაკი ჩხენკელის ცხოვრებაში და, მეორეს მხრივ, ეს არის დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში აღარასდროს უნდა განმეორდეს. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა ჩვენი ქვეყანა დაიპყრო და 70-წლიან ტყვეობაში ამყოფა, რომელმაც შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამ კრებულის გამოცემა, ასევე, ის აქტივობები, რომელიც მისი 150 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა, არის დაფასება დიდი პოლიტიკური მოღვაწისა”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ცნობისათვის: 2024 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორი გამოცემა მოამზადა.
აკაკი ჩხენკელის დღიურების მეორე ტომი წარმოადგენს ქართველი დიპლომატის დღიურების სერიის გაგრძელებას, რომლის პირველი ტომიც 2021 წელს გამოიცა. დღიურები ასახავს ჩხენკელის საქმიანობას პარიზში საქართველოს ელჩის პოსტზე. ჩანაწერებს თან ახლავს ავტორის პირადი მოსაზრებები და თანადროული შეფასებები საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
დღიურების მეორე ტომი მოიცავს 1921 წლის აპრილიდან 1922 წლის ნოემბრამდე პერიოდს და იწყება პარიზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ჩასვლით. აქვეა აღწერილი პარიზში, რომში, ლონდონსა და გენუის კონფერენციაზე საქართველოს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის პირველი მცდელობები.
„საქმიანი წერილები, საუბრის ჩანაწერები და ოქმები“ სრულად მოიცავს აკაკი ჩხენკელის პარიზში საქართველოს ელჩად მოღვაწეობის პერიოდს. გამოცემის პირველ ტომში შესულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის ჩხენკელის მიერ გაგზავნილი საქმიანი წერილები და დირექტივები. ასევე წარმოდგენილია საუბრის ჩანაწერები იმ ხანის ევროპის არაერთ ცნობილ პოლიტიკოსთან და თანამდებობის პირთან.
წერილები და საუბრის ჩანაწერები 1921-1939 წლების პერიოდს მოიცავს. გამოცემის მეორე ტომი სხვადასხვა უცხოენოვან დოკუმენტს აერთიანებს, რომლებიც ჩხენკელის ავტორობით ან მისი მონაწილეობით შეიქმნა. დოკუმენტებს თან ახლავს ქართულენოვანი თარგმანი. ორტომეული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.
პრეზენტაციის დროს გაიმართა გამოფენა. წარმოდგენილი იყო თსუ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, რომელიც დაკავშირებულია აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობასთან.
აკაკი ჩხენკელის დაბადების 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი და თბილისის მერია.