“ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8%-ს მიეწოდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში.
“ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გურიაში და აჭარაში, დამატებითი ტექნიკური ბრიგადების მობილიზება თითქმის მთელი საქართველოდან, ამინდის გაუარესებიდან მოკლე დროში მოახერხა.
ელექტრიკოსები ამ დრომდე აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებიან. თუმცა, დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრასტრუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია.
ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8 % -ს მიეწოდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით, 28%-ს (16 000 აბონენტს) მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით.
ამ დროისთვის სტიქია უტევს ასევე იმერეთს, განსაკუთრებით ვანის მუნიციპალიტეტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური აქაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.