ვლადიმერ ბოჟაძე: პოლონეთი დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, პოლონეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ასევე სრულიად უსამართლოდ ტყუილით და დეზინფორმაციით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებაზეც. ეუთომ ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასა. ითქვა, რომ იყო კონკურენტუნარიანი და მთავარი – ვენაში ახლაც მონაწილეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. ეს არის პასუხი სიკორსკის განცხადებაზე. რაც შეეხება ანტიევროპულ განცხადებებს, მე არ ვიცი მინისტრი რას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტი დღესაც აგრძელებს კანონშემოქმედებით საქმიანობებს, ევროკავშირთან დაახლოებას და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს. იგივე ეხება მთავრობას, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს რეფორმებს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას – გადაწყვეტილება არის თავად ევროკავშირზე. პოლონეთმა, რომელიც ახლა, მომავალი 6 თვე, სიმბოლურად იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო, ველოდებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებითაა, შეიცვალოს. ასევე, ველოდებით, რომ მომავალ თვეებში ეს დამოკიდებულება არამხოლოდ პოლონეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც შეიცვლება”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.