“ჩვენზეა დამოკიდებული, ისეთი გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში პაიკი არ აღმოვჩნდეთ და ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„დღეს ვსაუბრობთ, რომ მსოფლიო იცვლება და იცვლება ლოგიკური მიმართულებით, რაც მოსალოდნელიც იყო. მოლოდინი გვქონდა, რომ დიდი სახელმწიფოები საბოლოო ჯამში ერთმანეთში დალაგდებოდნენ და სამწუხაროდ, პატარა ქვეყნები გაიწირებოდნენ, მათ შორის, გამოჩნდა, რომ ეს არის უკრაინა. 2009 წლის მარტში, რუსეთ-საქართველოს ომიდან რვა თვეში ამერიკამ და რუსეთმა ურთიერთობები გადატვირთეს და დღეს ერთი ერთში იგივე მეორდება. ერთ თაობაში ამ ისტორიის ცოცხალი მოწმეები ვართ. როცა გამოცდილება გვაქვს, ფრთხილად და გონივრულად ვეკიდებით ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც უკრაინაში ომს ეხება. რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს და მოლაპარაკებებს ვხედავთ. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ისეთი გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში სათამაშო პაიკი არ აღმოვჩნდეთ, რომელიც შეიძლება, გაწირონ. ეს ჩვენზე დამოკიდებულია და ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ“, – აღნიშნა მახაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.