გივი მიქანაძე: ის კანონპროექტი, რომელსაც წარვადგენთ, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

„ის კანონპროექტი, რომელსაც წარვადგენთ, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ითვალისწინებს.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ბევრად უფრო ლიბერალურია ვიდრე „ფარა“ თუმცა ვინაიდან მოქმედი კანონი სპეკულაციების საგანი გახდა, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი-ერთში გადმოიტანოს ამერიკული მოდელი.

„საზოგადოება თუკი გაეცნობა ამ კანონპროექტს და შეადარებს იმ კანონს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით გასულ წელს მიიღო, „გამჭვირვალობის კანონის შესახებ“ მაქვს საუბარი, აღმოაჩენს, რომ მიღებული კანონი ბევრად უფრო ლიბერალურია იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და რომელზეც მაგალითად, სტრასბურგში კონკრეტული კონფერენციის განხილვის დროს, სადაც მე ვესწრებოდი და მონაწილეობას ვიღებდი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ ის იმ სტანდარტებს და იმ ღირებულებს აკმაყოფილებს, რაც დემოკრატიულ პრინციპებისთვის მნიშვნელოვანი არის. ამ მოცემულობაში თუკი ის ლიბერალური მიდგომა, რომელზეც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ეხება: ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშგება და გამჭვირვალობა, რომელიც დაკავშირებული არის დაფინანსების წყაროს მითითებასთან და იმ კონკრეტული ხარჯების და აქტივობების საზოგადოებისთვის ჩვენებასთან, რომელშიც ეს დაფინანსება დაიხარჯა. მოქმედ კანონმდებლობაში პასუხისმგებლობა, რომელიც ფინანსური ხასიათის არის, ჯარიმას მოიცავს ეს ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებზე. ასევე, გვაქვს დათქმა იმის თაობაზე, რომ რანაირადაც არ უნდა მოხდეს კანონის დარღვევა, ეს არამც და არამც არ შეაჩერებს კონკრეტული იურიდიული პირების საქმიანობას და ისინი თავისუფლად გააგრძელებენ ამ მოღვაწეობას.

როდესაც „ფარას“ ერთი ერთში მსგავს კანონპროექტზე გვაქვს საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეიტრალური პოზიციით გაეცნობა ამ კანონპროექტს დაინახავს, რომ ის გაცილებით უფრო მძიმე კანონპროექტია, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იურიდიულ პირებთან, არამედ ფიზიკურ პირებთან მიმართებით და ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება. რიგ შემთხვევებში შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებიც.
ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ დამოკიდებულება, რომელიც ლიბერალური კუთხით გადაიდგა მაგრამ ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისთვის არ იქნა სათანადოდ მიღებული და დაფასებული, იმ კონკრეტული ძალების მიერ და მათი პატრონების მიერ და ეს გახდა მუდმივი თავდასხმისა და შიდა საქმეებში ჩარევის საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ ის კანონი, რომელიც არის წმინდა ამერიკული კანონი და ვერავინ ქვეყნის ზურგზე ვერ დაგვაბრალებს იმას, რომ მასში თუნდაც ერთი სიტყვა იქნება შეცვლილი იმ კანონისგან, რომელიც დღეს მოქმედი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც ბევრად უფრო მძიმეა თავისი ფორმით, გავრცელების არეალითა და პასუხისმგებლობის კონტექსტით, ვიდრე ის კანონი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედი არის, კი ბატონო, ჩვენ აგერ ვიღებთ გადაწყვეტილებას და რამდენიმე დღეში ეს კანონპროექტი ინიციირდება ოფიციალურად და მოხდება მისი განხილვა. ეს განხილვები დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში წარიმართება.

ჩვენი მიზანი არ არის, რომ დაჩქარებულად ეს კანონპროექტი განვიხილოთ და საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ უფრო დეტალურად გაეცნოს ამ კანონპროექტს და გააკეთოს ანალიზი და განსხვავება მოქმედ კანონსა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც დაინიციირდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები