გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმის ახალი დეტალები – რა კონკრეტულ ფაქტს ასაჯაროებს შვილმკვდარი დედა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ – სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გარდაცვლილი ჯარისკაცის შესახებ „კვირამ“ ახალი დეტალები გაარკვია. როგორც „კვირას“ გარდაცვლილი დავით ბოლოთაურის დედამ ექსკლუზიურად განუცხადა, მის შვილს ერთი შემავალი ჭრილობა თავის არეში, საფეთქელთან, მარცხენა მხარეს ჰქონდა. მარინე ცერცვაძის თქმით, მისი შვილი ცაცია არ ყოფილა.
18 წლის დავით ბოლოთაურის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზა ისე ჩატადა, რომ ჯარისკაცის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები ამ დრომდე უცნობია. ბოლოთაურები ექსპერტიზების დასკვნას ელოდებიან.
გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა შვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ დათო თავს არ მოიკლავდა.
„გამორიცხულია. ჩემს შვილს სიცოცხლე უხაროდა. ჯარში წასვლა უხაროდა. რა მოხდა 2 ოქტომბერს სამხედრო ნაწილში, არ ვიცი. დილით დათო მამამ მანქანით წაიყვანა. ეს მისი მესამე მორიგეობა იყო. საღამოს კი შვილი სახლში საკაცით მომისვენეს. საფეთქელზე ჭრილობა ყველამ ნახა. შემავალი ჭრილობა თავის არეში, მარცხენა მხარეს, საფეთქელთან ჰქონდა, გამავალი კი – მარჯვენა მხარეს. დათო ცაცია არ ყოფილა.. თუნდაც, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ გამორიცხულია თვითმკვლელობა. ინტერვიუზე იმიტომ დაგთანხმდით, რომ სხვა დედებს შვილები არ მოუკლან და მე ვიყო ის ბოლო, ვისაც ჯარისკაცს აღარ მოუკლავენ“, – ამბობს მარინე ცერცვაძე. მისი თქმით, როდესაც დათო ბოლოთაური სამხედრო – სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, 3 სექტემბერს ფიცი მიიღო და ამის შემდეგ 21 დღე კარანტინში იმყოფებოდა.10723110_834771213212040_390195771_n
„კარანტინში 21 დღე გაატარა. აჟიტირებული და გახარებული იყო. მთელი ღამე თითქმის ერთად გავატარეთ. ძალიან კარგად ვარო, ჩემზე არ ინრევიულოო… ამბობდა, სავალდებულო სამსახურს რომ დავასრულებ, მერე თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტს გავაგრძელებო. თავდაპირველად ორი დღე გაგვიჭირდა და მერე შევეჩვიეთო. ერთი-მეორეზე კარგი ბიჭები არიანო. მიხაროდა, რომ ჩემი შვილი ასეთი კმაყოფილი იყო. ჯარში თავისი სურვილით წავიდა. მოსწონდა იქ ყოფნა. კარანტინის შემდეგ მორიგეობის გრაფიკში ჩასვეს. სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. მეორე მორიგეობის შემდეგ, ჩემმა შვილმა წვევამდელებთან ერთად რესტორანში იქეიფა. რესტორანში ბიჭებთან საქეიფოდ გახარებული წავიდა, იქიდანაც გახარებული მოვიდა. რესტორნიდან რომ მოვიდა, ნასვამი არ იყო და იქაურ ამბებს მიყვებოდა. მითხრა, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი კარგად მღეროდა და მთელი საღამო სიმღერაში გავატარეთო. თუკი რესტორანში იმ საღამოს ვინმე იყო, ყველა ჩვენს სუფრასთან მოდიოდაო. გვადღეგრძელებდნენო. ყველა ჯარისკაცი თავგადაპარსული იყო და ქეიფობდნენ. არაფერი შემიმჩნევია, პირიქით მიხაროდა, რომ ჩემი შვილი იმ გარემოთი კმაყოფილი იყო. მეორე დღეს სახლში იყო, არსად გასულა. შეიძლება, აქვე ახლოს უბანში იყო გასული“, – აცხადებს შვილმკვდარი დედა.
ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს, დავით ბოლოთაური, რომელიც ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობდა, მეზობლებმაც ნახეს. „ძალიან კარგი ბავშვი იყო. ორივე ძმა ჩვენს უბანში ისე გაიზარდა, არავისთან კინკლაობა არ მოსვლიათ. მისალმებას ვერ დაასწრებდი. გუშინ შემხვდა. მოვიკითხე და გავამხნევე, ერთი წელი უცებ გაივლის-მეთქი. გამიცინა და თან მადლობა გადამიხადა. როგორ უნდა გადაიტანოს დედამისმა ეს ამბავი, ვერ წარმომიდგენია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ბოლოთაურების ერთ-ერთმა მეზობელმა, უკვე 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს, დათო ბოლოთაურს სამხედრო ნაწილში რიგით მესამე მორიგეობა უწევდა.
„ დილით მამამ წაიყვანა და საღამოს შვილი საკაცით მომიყვანეს. რა მოხდა, იმ დღეს არვიცი… შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათამდე მოხდა“, – ამბობს მარინე ცერცვაძე.
18 წლის დავით ბოლოთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა რიგითი დავით ბოლოთაური საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.
„კვირა“ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, გუშინ, ბოლოთაურების ოჯახში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ და საქმის ვითარება აუხსნეს.974690_834774289878399_442592186_n
„შეხვედრისას, როგორც სამხედრო პოლიციის, ასევე პროკურატურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ოჯახთან სათანამშრომლოდ. პროკურატურა აბსოლუტურად ღიაა და მზად არის, უპასუხოს ოჯახის შეკითხვებს. რაც შეეხება ექსპერტიზას, ამ დროისათვის დანიშნულია და სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერიტიზა მიმდინარეობს, რომელთა პასუხებიც მიღებისთანავე ეცნობება ოჯახს. აქვე განვმარტავთ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურისთვის ექსპერტიზაზე დასწრების მოთხოვნით და, შესაბამისად, ასეთი საკითხი არ განხილულა“, – აღნიშნა ნათია სუხიაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაცია, „კვირამ“ ბოლოთაურებთან გადაამოწმა. ოჯახის წევრების განმარტებით,, მათ გამომძიებლებს კიდევ ერთხელ განუცხადეს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. როგორც გარდაცლილის მამამ „კვირას“ განუცხადა, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმკვლელობის ვერსიას.
მათი თქმით, სამართალდამკცველებს ოჯახის არცერთი წევრი ამ ბდრომდე არ დაუკითხავთ და ისინი მზად არიან გამომძიებლის კითხვებს უპასუხონ. გარდაცვლილი ჯარისკაცი 7 ოქტომბერს დაკრძალეს. დაკრძალვის ხარჯები თავდაცვის სამინისტრომ თავის თავზე აიღო.
შეგახსენებთ, რომ 1996 წელს დაბადებული დავით ბოლოთაური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ- სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. „კვირას“ ინფორმაციით, ორი წლის წინ, ამავე ნაწილში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობდა გარდაცვლილი დავით ბოლოთაურის უფროსმა ძმა – გიორგი ბოლოთაურიც.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები