მიხეილ დუნდუა „ოფშორების კანონზე“: ევროპის საბჭოს კვალიფიციურმა, უმაღლესმა ორგანომ მსოფლიოში დაასაბუთა და ვერდიქტი დადო, რომ კანონი არანაირ საფრთხეს არ უქმნის ფულის გათეთრების რისკებს – კანონი არის ინკლუზიური, ყველას ეხება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ე.წ. ოფშორების კანონზე ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს „დღის ქრონიკაში“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველა ბრალდება აბსურდულია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ასევე დასძენს, რომ კანონი არის ინკლუზიური.
„კანონი არის ინკლუზიური. ყველა, ვინც მოხვდება ამ რეგულაციის ჩარჩოში, ვინც გადაწყვეტს, რომ თავისი კაპიტალი გადმოიტანოს საქართველოში, ეხება ყველას – არავის გამორჩევით, არავის ექსკლუზიურად – ყველას ინკლუზიურად.
თუკი ბიძინა ივანიშვილი, ან ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს კანონიერი შეღავათით, დაე ისარგებლოს! იმისთვისაა კანონი, რომ სხვადასხვა პირმა მიიღოს გადაწყვეტილება, ისარგებლოს შეღავათით, გადმოიტანონ კაპიტალური აქტივი და ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ამ კანონით და განავითარებს ქვეყანას, უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
ევროპის საბჭოს კვალიფიციურმა, უმაღლესმა ორგანომ მსოფლიოში დაასაბუთა და ვერდიქტი დადო, რომ „ოფშორების კანონი“ არანაირ საფრთხეს არ უქმნის ფულის გათეთრების რისკებს, პირიქით, საქართველომ პროგრესი განიცადა მის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.