ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე: ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც – ჩვენი მოვალეობაა მდგომარეობის გართულების პრევენცია, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
“პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ფიზიოლოგიური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ გამომდინარე შიმშილობის ხანგრძლივობისა, რა თქმა უნდა, პაციენტი იმსახურებს, განსაკუთრებულ ყურადღებას”, – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 34 დღეა შიმშილობს.
ჩხაიძის თქმით, ლაბორატორიული კვლევები ყოველდღიურად კეთდება.
„შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო, მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი მოვალეობაა მდგომარეობის გართულების პრევენცია, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.