თორნიკე ჭეიშვილი: საპროტესტო მუხტი არის მინელებული, რამდენიმე ასეული აქტივისტის ამარა არიან დარჩენილი და რაც არ უნდა იყოს მცდელობა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან ასეთი უსამართლო რეზოლუციებით, მიზანი ვერ იქნება მიღწეული

„ხმაშეწყობილად მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ის ევროდეპუტატები, რომლებიც ამ სახის რეზოლუციების ინიციირებით და მიღებით არიან დაკავებულები,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, მინელებულია რადიკალური ოპოზიციის მართული აქციები და მსგავსი შინაარსის რეზოლუციების მიღებით გარკვეული ძალები მუხტის აწევას ცდილობდნენ.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კონკრეტული ძალები ცდილობენ ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც იყო 2012 წლამდე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში.

„ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ შესაბამისი რეზოლუციის მიღება ასხამს წყალს რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე, რომელსაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ განხორციელება არ უწერია. აქ ძალიან მარტივი არის კავშირის დანახვა. ჩვენ თუ გავიხსენებთ 2003-2012 წლებში იმ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველას ძალიან კარგად გაგვახსენდება ის მჭიდრო კავშირები, რომელიც მათ შორის, ამ რეზოლუციის ავტორებს და იმ პოლიტიკური რეჟიმის ლიდერებს შორის არსებობდა. ეს კავშირებით დღესაც დასტურდება. ხმაშეწყობილად მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ის ევროდეპუტატები, რომლებიც ასეთი რეზოლუციების ინიციირებითა და მიღებით არიან დაკავებულები.

მეორე მხრივ, საქართველოში სიტუაცია არის სტაბილური. ყველა ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ საპროტესტო მუხტი არის მინელებული. ახლა უკვე რამდენიმე ასეული აქტივისტის ამარა არიან დარჩენილი რადიკალური ჯგუფები და რაც არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან ასეთი უსამართლო რეზოლუციების მიღებით, ბუნებრივია ის მიზანი, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ ესკალაციას პროცესებისა მათი მხრიდან, ვერ იქნება მიღწეული.

თუმცა უსამართლობაა ის, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ცდილობენ კონკრეტული ძალები იმას, რომ ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც იყო შექმნილი სწორედ ხსენებულ პერიოდში, ვგულისხმობ 2003-2012 წლამდე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის მცდელობა, რომ მოხდეს რეალობის ფალსიფიცირება და საზოგადოებას შეუქმნან იმის აღქმა, რომ თითქოს ის რეჟიმი იყო პოლიტიკურად სუფთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები