“ყველა ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ დამახინჯებულ ფაქტებზე, ე.წ. „ფეიკ ნიუსებზე“ დამყარებული დოკუმენტი სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელსაც აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უსამართლობის კასკადი ევროპარლამენტიდან ძალიან ხშირად მომდინარეობს.
„რიგით მეექვსე რეზოლუცია, რომელიც იყო ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული ნაბიჯი ევროპარლამენტის და შესაბამისი ევროდეპუტატების მხრიდან. ეს სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ გალაშქრება საქართველოს სუვერენიტეტზე, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება უკვე რაღაცნაირად მიეჩვია იმას, რომ ეს უსამართლობის კასკადი, სამწუხაროდ, ევროპარლამენტიდან ძალიან ხშირად მომდინარეობს და, პრაქტიკულად, უკვე ამასთან მიმართებით არსებობს ერთგვარი იმუნიტეტი, მათ შორის, ქართულ საზოგადოებაშიც. უკვე ყველა ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ ეს აბსოლუტურად დამახინჯებულ ფაქტებზე, ე.წ.„ფეიკ ნიუსებზე“ დამყარებული დოკუმენტი სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელსაც აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები და გასაგებია, რომ ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი იმ ევროპელი ბიუროკრატების ხელში, რომლებიც ახდენენ მსგავსი რეზოლუციების პროექტების მომზადებას, ინიციირებას და შემდგომ უკვე მიღებას. ამასთან მიმართებით, რასაკვირველია, ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი და ძალიან პრინციპული, რომ, ბუნებრივია, ამოსავალი პრინციპი ჩვენი საქმიანობისა არის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ვერავინ მსგავსი უსამართლო დოკუმენტების მიღებით ამ დღის წესრიგს ვერ შეცვლის“, – განაცხადა ჭეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.