“1000 ბირთვული ობიექტი აშენდება, თუ მტერი 100 ობიექტს დაარტყამს” – ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მტერი ირანის 100 ატომურ ობიექტს დაარტყამს, ადგილობრივი ექსპერტები მათ ნაცვლად დაუყოვნებლივ ააშენებენ 1000 ახალ ბირთვულ ობიექტს.
„მტრებს უნდათ, რომ დაგვამცირონ სანქციებითა და მუქარით, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით დამორჩილებული და ჩვენს პრობლემებს ხალხზე დაყრდნობით მოვაგვარებთ“, – განაცხადა პეზეშკიანმა.
მან გააკრიტიკა შეერთებული შტატების წინააღმდეგობრივი მიდგომა ირანის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს ირანთან მოლაპარაკება, მაგრამ ამავე დროს თეირანის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს აწესებს.
„ჩვენ არ გვინდა ვინმემ დაგვიწესოს სანქცია. თუ აშშ სანქციებს დაგვიწესებს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვმართავთ ქვეყანას შიდა შესაძლებლობებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პეზეშკიანმა.
მან გაიმეორა ირანის პოლიტიკა ყველა ქვეყანასთან მშვიდობის სულისკვეთებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცდილობენ, დაამყარონ გულითადი და მეგობრული ურთიერთობები მათ მეზობლებთან.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პირველი ეტაპი დააწესა მას შემდეგ, რაც ტრამპმა აღადგინა მისი ე.წ. მაქსიმალური ზეწოლის სტრატეგია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.
უცხოური მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი ორი დღის შემდეგ მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო აღადგინოს მოლაპარაკებები ირანთან, მაგრამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აღადგენს თავის ე.წ. „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას თეირანის წინააღმდეგ.