“რა ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული – სადაც პრეზიდენტად ისევ ზურაბიშვილია აღიარებული” – მათიკაშვილი
“რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული – სადაც პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილია აღიარებული. საერთოდ, რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება? პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული, სადაც უგულებელყოფილია 1 მილიონ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ნება-სურვილი, სადაც პრეზიდენტად ისევ [სალომე] ზურაბიშვილია აღიარებული. საერთოდ, რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება? პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად – პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. დაარქვან ისევ დემოკრატიის შუქურა და იცხოვრონ იმ აბსურდში, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ცდილობს, თავს მოახვიოს არამარტო საქართველოს. ჩვენ ამის შესახებ არაერთ განცხადებას ვისმენთ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან.
“დიფ სთეითთან” ბრძოლის რკალი ვიწროვდება. რაც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრძოლის ცეცხლი დაანთო, ის აუცილებლად მივა ევროპულ ბიუროკრატიამდე. ის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რაც ამერიკაში ხდება, გამარჯვებისთვის არის გათვალისწინებული – ასევე, ევროპაშიც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, პლურალიზმმა, საჯაროობამ და არა ბიუროკრატიულმა ძალმომრეობამ, რომელზეც, სამწუხაროდ, აგებულია დღევანდელი ევროპარლამენტი და ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, თეთრზე შავი დაწერონ, სააკაშვილი ტანჯულად და მსხვერპლად მონათლონ და ჩვენი ქვეყანა კვლავ ძალმომრეობის ქვეშ. აქციონ იმ იდეების ქვეშ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარული არ არის.
სანამ ქართველი ხალხის ნებას არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, არანაირ ასეთ რეზოლუციას “ჩალის ფასიც” არ ექნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.