“ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება”, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„დრო გადის, ახალგაზრდები სრულწლოვანდებიან, ჩნდება ახალი თაობა და არაერთ ჩვენგანს შეგვხვედრია უკვე მოქალაქე, ქართველი, სრულწლოვანი, რომელიც 12 წლის წინ იყო სრულიად პატარა. მან არ იცის, რასაც ვუყვები. ჰგონია, რომ ზღაპრის რომელიღაც წიგნში წაიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს უყვები. ამ დასკვნით ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, რომ შევმატოთ ისტორიას შტრიხები. ამიტომ მეთოდი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა რაღაც შეფასებითი. მე პოლიტიკურად ვინ მიყვარს და ვინ არ მიყვარს, ამაზე არ არის საუბარი, ეს უნდა გადავდო გვერდზე, ისევე როგორც თქვენ და ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი ახალგაზრდა, თუ მომავალი ახალგაზრდა და სრულწლოვანი გადაშლის, 30, 40, 50 და მეტი წლის შემდეგ ჩაიხედავს და ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ეს არის მთავარი. ამიტომ, მოქალაქეებსაც მივმართავ, ფაქტები არის მნიშვნელოვანი და თუ გადაწყვეტთ, რომ მოგვმართოთ კომისიას, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოადგინეთ“, – განმარტა წულუკიანმა.