მაჭარაშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: კომისია 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიებას არ აწარმოებს სამხედრო მეთაურებისა და ჯარისკაცების მიმართ

“დარწმუნებული ვარ, ექვსი თვის თავზე ჩვენ მივიღებთ დასკვნას, რომელი დასკვნაც შეიძლება, თავისუფლად ვთქვათ, რომ იქნება ნიურნბერგის პროცესის დასკვნის ანარეკლი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიებას არ აწარმოებს სამხედრო მეთაურებისა და ჯარისკაცების მიმართ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კარგად ვიცით, გერმანიაში რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, გერმანიაში ჯერ კიდევ იქნებოდა ის „ნაციონალ-სოციალისტური პარტია“, რადგან სამართლებრივად არავინ აკრძალავდა ამას. ამიტომ არის, რომ დღესდღეობით არსებობს ქართულ პოლიტიკაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ბევრს ვლაპარაკობთ და ბევრმა მათგანმა, სხვათა შორის, ლიდერებმა, სასჯელიც კი მოიხადა, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ვიდრე შესაბამისი უწყება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ის არ უნდა არსებობდეს, მანამდე ყოველთვის ექნებათ უფლება, თავს მოგვახვიონ თავიანთი ნარატივი საზოგადოებას და ასე სულ მუდმივად აჯანჯღარონ სახელმწიფო. ამის მიზანი არის ზუსტად საგამოძიებო კომისიაში, რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად დაესვას წერტილი, რა თქმა უნდა, გამყარებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ იყოს.

ცალსახად, როგორც ითქვა, ამას არ სჭირდება ბევრჯერ გამეორება, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ ეხება სამხედროებს. იმიტომ, რომ ის ადამიანები იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის და ეს არის ცალსახა. დანარჩენი, ყველა ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა და ამის შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, ბუნებრივია, დადგება, მათ შორის, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები