“უცხოეთიდან დაფინანსებული ცალკეული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას, ქაოსს, სწორედ ეს არის საბოტაჟი” – მათიკაშვილი
“უცხოეთიდან დაფინანსებული ცალკეული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას, ქაოსს, სწორედ ეს არის საბოტაჟი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„გვახსოვს, რომ როგორც კი იყო დაანონსებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სურვილი გამოთქვეს, არა მხოლოდ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე, არამედ შემდგომაც, ცალკეული პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების თუ ენჯეოსექტორს – ყველა იმ პირის ქმედებებზე მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება, რომლებიც, მათი აზრით, მხილებულნი იყვნენ სახელმწიფოს, ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ შესაბამის დანაშაულებში. აქ არის საუბარი საბოტაჟზე. ჩვენ ვნახეთ, პროკურატურამ რომელი მუხლით აღძრა საქმე, ეს არის სწორედ საბოტაჟი, ალბათ ყველაზე მეტად მიესადაგება ამ შინაარსს, ქმედებებს საბოტაჟის მუხლი. დანარჩენი, ბუნებრივია, არის პროკურატურის და სამართლებრივი პროცესების საქმე, გამოძიების საკითხი. კარგად ვიცით, საზოგადოება კარგად ხედავდა, როგორ ფინანსდებოდა უცხოეთიდან ცალკეული ორგანიზაციები, ფინანსდებოდნენ ცალკეული პოლიტიკოსები და მათი საქმიანობა ნამდვილად არ იყო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა, პროგრესი. ეს ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას, ქაოსს რევოლუციურ სცენარებს. ეს არის სწორედ საბოტაჟი, დანარჩენს, ყველა სამართლებრივ დეტალს პროკურატურა გაივლის და ის იქნება პასუხისმგებელი ამ საკითხის გამოძიებაზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.