შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
“ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შვეიცარიის გადაწყვეტილება ტექნიკური ნაწილი იყო.
„შვეიცარია არის ჰარმონიზებაში შენგენის ზონასთან. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შვეიცარიასაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თავად ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი უსამართლო გადაწყვეტილება, რომლისთვისაც სპეციალურად შეცვალეს კანონი. წესები მოარგეს საქართველოს, ჩვენთვის წესები შეცვალეს (ასეთი მნიშვნელოვანი ვყოფილვართ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება კარგიც არის) იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ საქართველოზე და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არის აბსურდი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.