“კეზერაშვილი „ფორმულას“ 26%-იან წილს გუმბარიძეს 1 ლარად გადასცემს” – “მედიაჩეკერი”

“დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცემს”, – ამის შესახებ “მედიაჩეკერი” იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს გაფორმდა, რომელშიც წერია: „წილის მიმღები წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისათვის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით“.

„ფორმულას“ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, ამავე დღეს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.

ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე გადანაწილდება:

მიხეილ მშვილდაძე – 12.25%

ირაკლი საღინაძე – 12.25%

ზურაბ გუმბარიძე – 38.25%

გიორგი ლიფონავა – 12.25%

„თავისუფლების ფორმულა“ – 25%

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი – „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა.

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა”, –  წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები