დიმიტრი ხუნდაძე – გარე დაფინანსებებზე: ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც

“ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გარე დაფინანსებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფრის ლუსტრაციამ მაღალი ფასი შეიძინა.

„ის, რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს სჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას.

გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს. ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ აშშ-ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები. ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო“, – აღნიშნა ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები