არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომლითაც გარკვეულ შემთხვევებში, იქნება ეს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა თუ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, პასუხისმგებლობა გაცილებით გამკაცრდება
„ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომლითაც გარკვეულ შემთხვევებში, იქნება ეს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა თუ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, პასუხისმგებლობა გაცილებით გამკაცრდება, ვიდრე ახლა გვაქვს გათვალისწინებული მოქმედი რედაქციით,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით ეს ეხება საჯარო მოხელეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
„ამ ადამიანების შეურაცხყოფაზე, მათზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იქნება გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე ახლა გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული მოქმედი რედაქციით, რასაც ექნება, მათ შორის, პრევენციული მექანიზმი. ადამიანები კარგად დაფიქრდებიან სანამ სხვა ადამიანებს ან შეურაცხყოფას მიაყენებენ, ან მათ ღირსებას შელახავენ. იმავდროულად, უხეშად დაარღვევენ კანონს. მაგალითად, დაიწყებენ ბლოკირებას სხვადასხვა მაგისტრალებისას თუ სატრანსპორტო კვანძებისას. ეს მხოლოდ ცვლილებათა ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ადამიანები, უბრალოდ კარგად დაფიქრდნენ, თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. მათ პროტესტის გამოხატვას არავინ არ უშლის, პირიქით, სამართალდამცველები თვითონვე უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.