შეერთებულმა შტატებმა მექსიკურ საქონელზე ტარიფები ერთი თვით შეაჩერა, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუდია შინბაუმმა თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
„კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი ურთიერთობისა და სუვერენიტეტისადმი დიდი პატივისცემით, მივედით უამრავ შეთანხმებამდე <…> ტარიფები შეჩერებულია დღეიდან ერთი თვით“, – დაწერა მან.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ დადგენილ ვადაში გაიმართება მოლაპარაკებები, რომელშიც ის პირადად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, სახაზინო მდივან სკოტ ბესენტთან, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკთან და მექსიკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად.
გარდა ამისა, ამერიკელი ლიდერის თქმით, საუბრისას, რომელიც შედგა, მისი კოლეგა დათანხმდა დაუყოვნებლივ გაგზავნოს ათი ათასი მექსიკელი ჯარისკაცი სახელმწიფოებს შორის არსებულ საზღვარზე.
„ეს ჯარები სპეციალურად გაიგზავნება ფენტანილისა და არალეგალური ემიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 4 თებერვლიდან მექსიკიდან და კანადიდან ყველა საქონელზე 25%-იანი იმპორტის გადასახადის შემოღებას გულისხმობს, გარდა ენერგორესურსებისა, რომლის განაკვეთი 10 პროცენტი იქნება. აშშ ასევე აწესებს 10 პროცენტიან ტარიფებს ჩინურ პროდუქტებზე, უკვე არსებულის გარდა.
ამის საპასუხოდ, კანადამ ამერიკული ალკოჰოლის დისტრიბუციასა და გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესება დაიწყო.