სოზარ სუბარი: რაც ახლა ხდება ამერიკაში, ეს არის მართლა გეოპოლიტიკური რევოლუცია, გეოპოლიტიკური გადალაგება ყველაფრის, შეუძლებელია ეს არ აისახოს ევროკავშირსა და ევროკავშირის პოლიტიკაზე, თუნდაც ჩვენ მიმართ
“მთლიანობაში, რაც ახლა ხდება ამერიკაში და რა იმპულსებიც მოდის ამერიკიდან, ეს არის მართლა გეოპოლიტიკური რევოლუცია, გეოპოლიტიკური გადალაგება ყველაფრის და შეუძლებელია ეს არ აისახოს ევროკავშირსა და ევროკავშირის პოლიტიკაზე, თუნდაც ჩვენ მიმართ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეიძლება ეს იყოს გაცილებით ნელა, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.
„თვითონ ტრამპის სიტყვებსაც გავიხსენებ, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მიმართ. ძალიან ბევრი, ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა, მათ შორის, „უბრალოდ, ძალიან ცუდად გვექცევა“ იყო ყველაზე რბილი გამონათქვამი, რაც მან გააკეთა ევროკავშირის მიმართ. ამ შემთხვევაში, ძალიან მაინტერესებს, საქართველოს მიმართ რომ ყოველ წუთზე გამოხტება ხოლმე ქალბატონი კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ მართლა ენა რომ აქვს წაგდებული საქართველოს წინააღმდეგ, ძალიან მაინტერესებს რას უპასუხებს. მგონი მისი პირდაპირი მოვალეობაა დაიცვას ევროკავშირის ინტერესები და ევროკავშირის ღირსება თავის პარტნიორთან, მთავარ პარტნიორთან ურთიერთობაში.
კიდევ ერთხელ განვუმარტავ ჩვენს მსმენელს, კაია კალასი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად მოგვიწოდებდა და გვაკრიტიკებდა იმის გამო, რომ ომში არ ჩავებით რუსეთთან, გვაკრიტიკებდა პირდაპირ იმის გამო, რომ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, მაშინ, როდესაც ის, მისი ქმარი და მთელი მისი ოჯახი ვაჭრობს რუსეთთან და მდიდრდება, მილიონებს შოულობს რუსეთთან ურთიერთობით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.